„რესპუბლიკელები“ განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს“- ამ განცხადებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკური“ პარტია შეაფასა და განაცხადა, რომ მათ გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.
ივანიშვილმა ამის შესახებ რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
”ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას”. 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ – ”რესპუბლიკურ პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ”რესპუბლიკურ პარტიის დადებითი მხარე ის არის, რომ ის ძველი პარტიაა.
”რესპუბლიკური პარტია” ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც ჩემ დახმარებას არ საჭიროებს. ”რესპუბლიკური პარტიის” პლუსი არის, რომ ძველი პარტიაა. თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია”, – განაცხადა ივანიშვილმა.