ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს”

„სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი – მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა“- ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ექსპრემიერმა შეხვედრაზე „ვარდების რევოლუციისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„მე პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი. საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, როცა რევოლუცია მოხდა, 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა პროცესები. მე ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მეც – ზედმეტად გამიხარდა, მათი მოსვლაც მივიღე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ. 2,5 წლის ნახევრის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავთით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა, რამეთუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, შეცდომებზე რეაქციას ვაკეთებდი. ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან. არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი და მაშინ მსგავსი ილუზია არ ჰქონიათ. მათი სახის გამოჩენაში ის როლი მიმიძღვის, რომ უფრო გვიან გამოჩნდნენ, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად იცოდნენ, რას ვითხოვდი მათგან. მერაბიშვილს ვეუბნებოდი, მე იმ სააკაშვილს ვესაუბრები დღეს, რომელიც 15 წლის შემდეგ ისევ ამდენი პროცენტით მოვა არჩევნებით-მეთქი. მკითხა, რა გაქვს მხედველობაშიო და ის, რომ ორი [ვადა] დაამთავროთ, მერე გამოტოვოთ, რაც გეკუთვნით კონსტიტუციით და ისეთი პოპულარული წავიდეს, რომ ასეთივე რეიტინგით მოვიდესთქო. მიპასუხა, ეგ ჩვენთან აღარ თქვაო, ჩვენ ერთ-ორ თვეზე ვგეგმავთ და მაგაზე არ ვფიქრობთო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თუმცა ივანიშვილის თქმით, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ძალადობა გამოავლინა.

„სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი – მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს ანუ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს, თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარებდნენ, მაგრამ ის რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და ამისთვის მოვედი ხელისუფლებაში. პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა, ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა“, – დასძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....