აშშ-ის პრეზიდენტის შვილზე, ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, 32 წლის მოჰამად ბაყერ საად დავუდ ალ-საადი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ არის გაწვრთნილი. ერაყის მოქალაქე აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრზე თავდასხმას ექვსი წლის წინ აშშ-ის მიერ ბაღდადში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო გეგმავდა.
„ყასემის მკვლელობის შემდეგ ის ხალხს ეუბნებოდა, რომ ივანკა უნდა მოვკლათ, რათა ტრამპის სახლი ისევე დავწვათ, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა“, – განუცხადა გამოცემას ვაშინგტონში ერაყის საელჩოს სამხედრო ატაშეს ყოფილმა მოადგილემ, ენტიფად კანბარმა.
ალ-საადიმ ასევე გამოაქვეყნა რუკის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ფლორიდაში მდებარე ანკლავი, სადაც ივანკას და მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს 24 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვთ. ამერიკული გამოცემის თანახმად, ალ-საადი, სავარაუდოდ, ერაყ-ირანის ტერორისტულ წრეებში მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 15 მაისს თურქეთში დააკავეს და აშშ-ში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც მას ევროპასა და შეერთებულ შტატებში 18 თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ.
„ნიუ იორკ პოსტის“ მიხედვით, ის იდგა აშშ-სა და ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმების უკან, მათ შორის მარტში ამსტერდამში „ნიუ იორკ მელონის“ ბანკისთვის ცეცხლის წაკიდების, აპრილში ლონდონში ორი ებრაელი ადამიანის დანით მკვლელობის და მარტში ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს შენობაზე სროლის უკან. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ალ-საადიმ დააარსა ტურისტული სააგენტო, რომელიც სპეციალიზირებული იყო რელიგიურ მოგზაურობებში, რაც მას საშუალებას აძლევდა, ემოგზაურა მთელ მსოფლიოში „ტერორისტულ უჯრედებთან დასაკავშირებლად“.

