„ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა – ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ს“ ვგულისხმობ“- ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
საქმე ეხება სკანდალური დოკუმენტს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” მოიპოვა. 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.”
მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა.
“ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა – ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,”- აცხადებს ოქრუაშვილი.
აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ ადასტურებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2-ის“ მიერ გუშინ გასაჯაროვებული დოკუმენტი ყალბია.
მისივე თქმით, მას კავშირი არ აქვს დღეს ჩანიშნულ პროცესთან და ახალი გარემოებაც უზენაესმა სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს.
“ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. ის, რაც იყო რუსთავი 2-ის ეთერით ნაჩვენები, არის ყალბი დოკუმენტი,” – აცხადებს სალია.
ადვოკატის თქმით, თუ მხარეს აქვს დოკუმენტის ორიგინალი, შეიძლება ჩატარეს ექსპერტიზა და დადგინდეს ეკუთვნით თუ არა ხელმოწერები პირებს.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის მოგვიანებით, ახლახანს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს,” – განმარატვს პაატა სალია.