სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
თავად ნათობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ არც იარაღი ქონია და გავრცელებულ ვიდეოაკდრებშიც, რომელიც მკვლელობას ასახავს, თავად არ არის.
ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ბადრი ნათობაძეს ბრალად ედება სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ზაქარია ჩიბუხაშვილის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-ტარება.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულება. თუმცა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მომხდარიდან ორ წუთში პოლიციელებმა შენიშნეს, თუ როგორ გარბოდა ნათობაძე თავზე მაისურ გადაკრული შემთხვევის ადგილიდან, ასევე არსებობს ბრალდებულის მეგობრის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ნათობაძეს ათხოვა მაისური, ნათობაძე ჯოხაძის ავტომანქანას დაედევნა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, პროკურორის განცხადებით, ჩვენებებით ჩანს, რომ ნათობაძეს და ჯოხაძეს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა.
მკვლელობა ვაკეში 2 სექტემბერს მოხდა. მოკლულია სოსო ჯოხაძე, ხოლო მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი მძიმედ დაიჭრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში.