ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა კავშირი აქვს თეა წულუკიანს ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძესთან

ინტერნეტსივრცეში ვაკეში მოკლული მამაკაცის, სოსო ჯოხაძის და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ფოტოები 2013 წელს გავრცელდა.

“არა, მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ”, – ასე უპასუხა მაშინ აღნიშნული ფოტოს გავრცელების შემდეგ თეა წულუკიანმა TV3-ის ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვას.

“ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც “ვიძიებ”, თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება ალბათ საჭირო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტოები, სადაც ჯოხაძე და წულუკიანი ერთად არიან, 2013 წლის 30 აგვისტოს “თავისუფალმა ზონამ” გამოაქვეყნა. აღნიშნულ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

სოსო ჯოხაძის ძმა – გიორგი ჯოხაძე შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შეგახსენებთ, დღეს ვაკეში სოსო ჯოხაძის ავტომობილი ჩაცხრილეს. შემთხვევის შედეგად თავად ჯოხაძე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი მისი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად მას გამოკვლევები უტარდება. დაზიანებები, რომლებიც მას აქვს მიღებული სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

ჯოხაძე

იტვირთბა....