ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ  ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ მოლაპარაკებები ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

განხილვის მთავარი თემა რეგიონში არსებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები იყო. მოლაპარაკებები შედგა გაფართოებულ ფორმატშიც.

“ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ეფუძნება ისტორიას, ძმობას და კეთილმეზობლობას ჩვენს ერებს შორის. ჩვენ გვაქვს აქტიური დიალოგი ყველა მიმართულებით – პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში, გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც ვითარდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ერებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ჩვენ გვაერთიანებს ისტორია, გეოგრაფია, ინტერესთა თანხვედრა და მსხვილი ტრანსნაციონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. ამ პროექტების რეალიზაციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელს რეგიონში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, რომელიც ნამდვილად სტრატეგიული ხასიათისაა. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჩვენი მეგობრობის შემდგომი გაძლიერებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები განიხილეს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

იტვირთბა....