გონიოში წვრთნების დროს ზღვაში დაკარგული სამხედროს იაგო შარაძის მამა ვლადიმერ შარაძე თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, არ შეაჩერონ სამძებრო ღონისძიებები.
“რაც დრო გადის, მით უფრო ვმწარდებით და რა გზას დავადგეთ აღარ ვიცით. გემი წავიდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იპოვიდა ცხედრებს. თხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები, გამოინახოს კიდევ რაღაც საშუალება რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები დაკარგულად არ გამოაცხადონ, გამოიყვანონ ცხედრები. სანამ წვრთნებს დაიწყებდნენ ორი დღით ადრე ვნახე ჩემი შვილი. მითხრა, ოღონდაც ეს ტრენინგები გადავაგორო და მეტი არაფერი მინდაო. ყურის ანთება აქ ვარჯიშების დროს დაემართა, ჯერ არ იყო ბოლომდე განკურნებული. ჩემი შვილი არ იყო კარგად გაწვრთნილი და ასეთ რთულ ოპერაციაში ჩართეს. წვრთნების დროს არც სამაშველო ჰყავდათ მოყვანილი.”-აცხადებს იაგო შარაძის მამა.
შეგახსენებთ, ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ.