ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი პროკურატურას: უნდა დადგინდეს, ვინ დაეხმარა პოლიციელს მიმალვაში

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დამაჯერებელი პასუხი გასცეს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე არსებულ ყველა შეკითხვას. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, როგორ მოახერხა ბრალდებულმა პოლიციელმა მიმალვა და რა გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.

“საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას. მათ შორის, როგორ მოხდა, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიიმალა. რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში.

ცხადია, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის გარეშე პოლიციის მუშაობა აზრს მოკლებულია, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს უფრო მაღალი სიკეთის – ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტული საფუძვლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისათვის უნდა ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს. ადამიანის უფლებათა სამართლით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას და რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დ.ს.-ს გარდაცვალების მიზეზის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის შესაძლო კავშირის დასადგენად, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით, პოლიციის სისტემაში არსებული მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იძულების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების მუქარის და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა უფლებამოსილ ორგანოებს, უარი თქვას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და გახადოს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური”. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს ბრალი გუშინ წაუყენა.

დღის რეიტინგული სტატიები:

 

იტვირთბა....