შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.
გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).