თბილისის საკრებულოსთან თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრები.
როგორც ”მეტრონომს” არასამთავრობო ორგანიზაცია ”პატრიოტთა ლეგიონის” წარმომადგენელმა ბესო გაზდელიანმა განუცხადა, აქციაზე სუსის აგენტები იმყოფებიან.
”აქციაზე სუსის აგენტები გამოგზავნეს. რამდენიმეს ვიცნობთ კიდეც. ისინი ცდილობდნენ აქციისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ. ასეთი მეთოდებით კიდევ უფრო მეტად და ღრმად ეფლობიან ჭაობში და უფრო მეტად აზიზღებენ თავს მოსახლეობას,” – აღნიშნა გაზდელიანმა.
ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა როგორც გაზდელიანმა აღნიშნა, საკრებულოდან მათ არავინ შეხმიანებიათ.
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შესასვლელში სიმბოლურად ნაჯახი განათავსეს.