ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ევროპელებს არ ვემსახურებით“: რატომ გაყარეს გოგი თოფაძის რესტორნიდან ტურისტები

„მრეწველების“ ლიდერის და ბიზნესმენის, გოგი თოფაძის რესტორნიდან, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს, პოლონელი ტურისტები გამოყარეს, მიზეზად კი მათი წარმომავლობა, კერძოდ, ევროპელობა დაუსახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ ტერიტორია რესტორნის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.

„ჩვენ ვარშავიდან ჩამოვედით. უკვე საღამო იყო, როდესაც სტეფანწმინდაში ერთ-ერთ რესტორანში შევედით. არ უნდოდათ ჩვენი მიღება. ადგილები მოვძებნეთ და დავსხედით. მიმტანს საკმაოდ დიდხანს ველოდე, მაგრამ არავინ მოვიდა. ჩემი მეუღლე თავად მივიდა დახლთან, მაგრამ გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. არც არავინ აგვიხსნა რატომ გამოგვყარეს ტერიტორიიდან. მიზეზიალბათ ჩვენმა გიდმა იცის. ის მათ ესაუბრებოდა“- განაცხადა ანა ბლაუჩინსკამ.

მათი გიდის თქმით კი მიზეზი წარმომავლობა გახდა.

„გვითხრეს, გთხოვთ დატოვოთ რესტორანიო. მეხუმრები, შვილო-მეთქი? არა, ქალბატონო, გთხოვთ გაბრძანდით და გაიყვანეთ თქვენი ჯგუფიო. გაიცინა, ევროპელებს არ ვემსახურებითო“- აღნიშნა გიდმა ლალი დუდეკმა.

როგორც რესტორნის თანამშრომლები, ასევე მისი მფლობელი გოგი თოფაძე ტელეკომპანიისთვის მიცემულ კომენტარში ამ ინფორმაციას უარყოფს. „ოღონდ ტურისტი მოვიდეს და რას ლაპარაკობ“- განაცხადა მან.

პოლონელმა ტურისტებმა ცუდი მოპყრობის გამო ყაზბეგის რაიონი მალევე დატოვეს.

იტვირთბა....