ქობულეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები ცნობილი ხდება: ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, წარსულში ნასამართლევმა პირმა დაჭრა.
დაჭრილებიდან ერთი პოლიციის თანამშრომელია.
როგორც დაჭრილების ახლობლები აცხადებენ, შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დანით დაესხა თავს ხუთ პირს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ახლობლები არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა.
ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც სამი უკვე გაეწერა, ხოლო ერთ მათგანს ფილტვში გამჭოლი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.