სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და იურიდიული ძალა არ გააჩნია, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეზოლუცია რეალურ ვითარებას არ ასახავს და მისი შინაარსი ოპოზიციის ბრალდებებს ეფუძნება.
როგორც ბლანარი წერს, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ევროპულ ინსტიტუტებს „პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნად“ აღიქვამს.
მისი თქმით, სლოვაკეთის ოპოზიციამ, რომელმაც ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო, საკუთარი პოლიტიკური ბრძოლა ბრიუსელში გადაიტანა.
„დიახ, ჩვენს მთავრობას განსხვავებული ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირი, ასევე მიგრაციის, მედიისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ეს არავის აძლევს საფუძველს, სლოვაკეთის რესპუბლიკას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მორალი უკითხოს. ასეთი რეზოლუციების მიღების ნაცვლად, ევროპარლამენტმა ბოლოს და ბოლოს ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროპელი მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე – კონკურენტუნარიანობის დაკარგვაზე, ენერგეტიკასა და უსაფრთხოების საფრთხეებზე. სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, პატივს სცემს ყველა წესს და ნებისმიერ ღია საკითხზე კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს. სწორედ ასე მოხდა ევროკომისიის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის შეფასების ანგარიშის შემთხვევაშიც, რომელიც ევროკომისიასთან დიალოგისა და ჩვენი არგუმენტების საფუძველზე გადავამუშავეთ“, – წერს ბლანარი.

