„ბრალდებულის განმარტებით, დაკავებისას იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს როდის გადაუმტვრიეს თითები“- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი. სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაკავებიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ, გუშინ ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა პიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება ჩვენს წარმომადგენლებთან. ჩვენ მიერ ბექა ბექაური დღესაც იქნა მონახულებული და გამოკითხული. ასევე, მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და ასევე ნომერ პირველი დაწესებულებიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია.
ბრალდებულის განმარტებით იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, მისი მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 20 აგვისტოს დაახლოებით 12 საათზე და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანების გამო, როგორც ხდება ხოლმე. ის ორჯერ იქნა გადაყვანილი იზოლატორში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა“ – აღნიშნა ნანუაშვილმა.
მისი განცხადებით, მან დღესვე მიმართა მთავარ პროკურორს, რათა ამ საქმეზე მყისიერი გამოძიება დაიწყოს და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშვე პირები გამოვლინდნენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომლის შედეგადაც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა.