„ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„პაატა ბურჭულაძემ ევროპაში თავის მეუღლესთნ ერთად ძვირადღირებული დასვენება მოაწყო. დასვენების ნიღაბქვეშ კი მან რეალურად შეხვედრა მოიწყო მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ასევე ევროპაში გახლდათ წასული დასასვენებლად, თავის ფავორიტ ქალბატონთან ერთად. სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ მათი საუბარი შეეხო საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას და არჩევნების შემდეგ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გზებს. ასევე საუბრის შინაარსს წარმოადგენდა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ სამომავლო თანამშრომლობა.
რამდენიმე დღის წინ მის მიერ გავრცელებული განცხადება ახალი კოალიციის შესახებ გახლავთ ჩემი სიტყვების ფაქტობრივი დასტური, რომ ის ნამდვილად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. მისი პარტია დატოვეს აქტივისტების უდიდესმა ნაწილმა, მაჟორიტარების კანდიდატებმა ახალგაზრდებმა და ა.შ.
სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი პოლემიკაში შესვლას პაატა ბურჭულაძესთან, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ შეუძლებელია პასუხის გარეშე დავტოვო გაძარცვული და გაშიშვლებული პოლიტიკოსი. თქვენ ჩემგან ითხოვთ წარმოვადგინო მტკიცებულება, რომ ევროპაში ნამდვილად შეხვდით მიხეილ სააკაშვილს. ჩემი სიტყვების უტყუარი ფაქტობრივი დადასტურება, თქვენი გუშინდელი დღე და ახალი კოალიციის შესახებ განცხადება გახლავთ. შეხედეთ თქვენს „ახალ თანამებრძოლებს“ თითოეულ მათგანში, შენს ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკშვილს დაინახავ და ამოიცნობ, პოლიტიკოსი როგორც წესი ემსახურება ხალხს და სამშობლოს, შენ კი? შენ კი შენი წარსულიდან გამომდინარე, ხალხის მსახურებას ბელადის მსახურება ამჯობინე. როგორც მოგახსენე, შენს მიერ გუშინ საღამოს გაკეთებული განცხადება გახლავს ჩემი სიტყვების ფაქტობრივი დადასტურება, რაც შეეხება დოკუმენტურ დადასტურებს, როგორც ბრიფინგზე განვაცხადე, რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენ შენი და მიხეილ სააკაშილის შეხვედრის ფაქტებს!“ – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „მეტრონომს“ ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მასალების მოლოდინშია. რაც შეეხება წყაროს, თუ ვისგან იღებს პაატა ბურჭულაძის შეხვედრების ფაქტებს, ქადაგიძემ მეგობრები დაასახელა:
„სახელს და გვარს ვერ გეტყვით, ისე ბევრი მეგობარი ცხოვრობს ევროპაში და ხშირად სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო შეხვედრებთან აქვთ შეხება და სულ მაქვს ინფორმაციები სხვადასხვა თემებზე.“
ქადაგიძის განცხადებით, ფაქტობრივ მასალებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის პასუხი ამ და სხვა გავრცელებულ ინფორმაციაზე შემდეგია, რომ სუს-ი ცდილობს პარტიის დისკრედიტაციას.