„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა:
„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“, – აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში, რომლითაც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს.