https://www.youtube.com/watch?v=V72h8PmJkOc
“პატიმარი ცემის დროს გავაუპატიურე. დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა პროცესი, ამას კამერით იღებდნენ” – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც ყოფილი პატიმარი ციხის ადმინისტრაციის დავალებით მის მიერ რამდენიმე პატიმრის გაუპატიურების ფაქტს აღიარებს.
“ვთანამშრობლობდი ვიქტორ ჭეიშვილთან და ოლეგ ფაცაციასთან. დახლოებით 5-6 პატიმარი მყავს გაუპატიურებული. ვიყავი გლდანის მერვე საპყრობილეში, მუშათა სამსახურში და მეძახდნენ ხოლმე, რომ პატიმარი მეცემა და გამეუპატიურებინა. ერთ დღეს დაგვიძახეს მე და თამაზ სისაურს. იქნებოდა, დაახლოებით, 10-11 საათი ღამე. ჩამიყვანა ჩემი კორპუსის ოფიცერმა, კარანტინში დამხვდნენ ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ჭეიშვილი. მითხრეს, აბა თქვენ იცით, სცემეთ და გააუპატიურეთო. შეგვიშვეს და მოგვცეს ნიღბები, დავიწყეთ ცემა. ამ პროცესს იღებდნენ კამერით. ცემის დროს გავაუპატიურე. დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა პროცესი. გაუპატიურებლმა პატიმარმა მთხოვა წყალი, ცუდად ვარო, მივდიოდი, წყალი უნდა შემესხა სახეზე, რომ მივტრიალდი, ხმა გავიგე და დავინახე, პატიმარი სახით დაეცა, დავიწყე ყვირილი, ჩქარა კაცი კვდება-მეთქი, შემოვარდენ ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ჭეიშვილი და ალეკო რუხაძე, წყალი დავასხი მოსასულიერად, მაშველებმა წაიყვანეს ციხის საავადმყოფოში”- იხსენებს ყოფილი პატიმარი.
ირმა ინაშვილის თქმით, კონკრეტული მოსაზრებიდან გამომდინარე, მან მის ხელთ არსებული ვიდეომასალის მხოლოდ ნაწილი გამოაქვეყნა, სრულ ჩანაწერს კი შესაბამის ორგანოებს გადასცემს.
“ეს ინტერვიუ და ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ვითარდებოდა. თვითონ რესპონდენტი ერთ-ერთი ყოფილი პატიმართაგანია, რომელიც გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ის ასახელებს ციხის მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგელების გვარებს, ანუ მათ, ვინც ამ საშინელების ჩადენას ავალებდა. ინტერვიუ ასახავს იმ სადიზმს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართულ ციხეებში. როგორ იყენებდნენ პატიმართა ერთ ნაწილს მეორე პატიმრების გასაუპატიურებლად, საწამებლად და მოსაკლავად – აი, ამ ტრაგედიას, ამ დიდი უბედურებას ასახავს ინტერვიუ.
რა თქმა უნდა, მე არ გავავრცელე მთლიანი ვიდეომასალა, დავიცავი ამ პატიმრების ოჯახის წევრების, მათი შვილების ინტერესი. მთლიან მასალას კი საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდი.
სასაცილოა, დღეს რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ძალიან დიდი ამბიციებით საუბრობენ თავისუფალ სიტყვაზე, ადამიანის უფლებებსა და რაღაც ღირებულებებზე. მე მინდა ამ ნაციონალური მოძრაობის მანიაკებსა და სადისტებს ვუთხრა, რომ დაუსჯელი არ დარჩება ეს დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართულ ციხეებში. პატიმართა წამება არის ყველაზე დიდი დანაშაული ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით.
ეს პატიმარიც ადასტურებს, რომ ციხის ადმინისტრაციის დავალებით, 5-6 პატიმარი ჰყავდა გაუპატიურებული და ეს პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, პატიმართა მასობრივ წამებას” – აღნიშნავს ირმა ინაშვილი.
მისივე განმარტებით, პარტიას, რომლის წარმომადგენლებიც ჩართულნი იყვნენ პატიმართა მასობრივ წამებასა და მკვლელობებში, უდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობის უფლება ქვეყანაში.
“ნაციონალურ მოძრაობას მინდა ვუთხრა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გაითვალისწინონ, რომ ჩვენს ხელთ უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მე დღესაც კი, როგორც პროფესიით ჟურნალისტს, სხვადასხვა დაზარალებული ადამიანები მაწვდიან მათი სადიზმის ამსახველ ფაქტებსაც, ინფორმაციასაც, მასალაც. პირდაპირ ვამბობ, პარტია , რომლის ლიდერებიც ჩართულნი იყვნენ პატიმართა მასობრივ წამებასა და მკვლელობებში, უნდა აკრძალოს, ამ პარტიას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობის უფლება ქვეყანაში, უნდა ჩამოერთვას 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება”- აღნიშნავს ირმა ინაშვილი.
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი “ნაციონალურ მოძრაობას” ჩადენილი მრავალი დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიცემასაც ჰპირდება.
“ის , რაც ხდებოდა სამეგრელოში, რასაც აკეთებდა კოხტა კოდუა არაერთ რეგიონში, პოლიციის განყოფილებებში, ცოლებს რომ უუპატიურებდნენ ქმრებს და ვიდეოკამერით იღებდნენ – დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აიკრძალოს თქვენთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლება ამ ქვეყანაში და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. სააკაშვილს კი, სკაიპებით რომ დარბის საქართველოს რეგიონებში, აქედან ვეუბნები: ჩამოგიყვანთ ყურებით. ამას თუ დღევანდლეი ხელისუფლება ვერ აკეთებს, სხვა ხელისუფლება მოვა საქართველოს სათავეში და ის გაგასამართლებთ” – აცხადებს ინაშვილი.