სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კობა სუბელიანი გამოკითხვაზე დაიბარა.
სუბელიანის თქმით, დაკითხვაზე დაბარების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი იყო, რომელიც ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებს ეხებოდა.
„ციხეებში, წინასაარჩევნოდ პატიმრებზე და ე.წ. მაყურებლებზე ზეწოლა დაიწყო, რომ მათ თავიანთ ოჯახის წევრებს დაავალონ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შეუგროვონ ხმები. ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ. სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით დამირეკა გენერალური ინსპექციის უფროსმა, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, შედგა ჩვენი შეხვედრა, ვუთხარი ყველაფერი და ეს შეხვედრა გაფორმდა ოქმით, მან რა თქმა უნდა, უარყო ამის შესახებ, ასევე თქვა, რომ აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას და დაიწყებს გამოძიებას. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, პატიმრების იმ მშობლებს, რომლებსაც ასეთი ცრუ დაპირებებით ატყუებენ, პირდებიან სასჯელის განახევრებას და არჩევნების მერე პატიმრობიდან განთავისუფლებას – ეს არის წინასაარჩევნო ტყუილი, ნუ წამოეგებით ამ ინფორმაციას და ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს ხელისუფლებას, რომელმაც 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს“. – განაცხადა სუბელიანმა.