ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ხდება პაატა ბურჭულაძის პარტიაში: პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია დღეს „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის შტაბის უფროსმა, იოსებ ხიმშიაშვილმა გუნდთან ერთად, დატოვა.
პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიგა ფარტენაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას:
„აჭარის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობიდან. ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, მივისწრაფით აქ არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისკენ. მოძრაობა მიგვაჩნდა სწორედ მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცეტრირება. ვერ მოახერხა რეგიონის მოსახლეობასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური განათლების შედეგია. ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვდასხვა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსის შესახებ. უყრადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც 3 თვეა, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როდესაც იკვეთება პარტიული ელიტის ძვირად ღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობის გაგრძელების შესახებ“, – აღნიშნულია ახალგაზრდული ფრთის განცხადებაში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პაატა ბურჭულაძის პარტიის თბილისის შტაბის უფროსის, იოსებ ხიმშიაშვილის შესახებ, მან პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პოლიტიკური მოძრაობის დატოვება გადაწყვიტა:
„პარტიის ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება, როგორც ოფისების მეპატრონეების, ასევე პარტიაში მომუშავე პირების მიმართ. იმ პრობლემების ფონზე, როდესაც პარტიაში არ არის არანაირი ფინანსური რესურსი და ბოლო ორი თვის განმავლობაში, არ გაცემულა ხელფასები, პარტიის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე აძლევს თავს უფლებას, მიემგზავრება საზღვარგარეთ და იწყობს საზაფხულო დასვენებას ფეშენებელურ სასტუმროში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან, თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებთ აღნიშნულ პარტიას”, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი.
როგორც „მეტრონომს“ პარტიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა გოგლიძემ განუცხადა, ახალგაზრდული ფრთის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებენ, სადაც განმარტავენ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის შტაბის უფროსის მიერ გუნდთან ერთად პარტიის დატოვების შესახებ, მამუკა გოგლიძის განცხადებით, ხიმშიაშვილი შტაბის უფროსი არ ყოფილა, ერთ-ერთი თანამშრომელი იყო და არც გუნდთან ერთად წასულა პარტიიდან. მხოლოდ ხიმშიაშვილმა დატოვა პარტია.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის ბრალდებას უკვე აღარც ვპასუხობთ“-განმარტა მამუკა გოგლიძემ „მეტრონომთან“ საუბრისას.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....