„გაჭირვებული ადამიანები რეკავენ, სად დავრეგისტრირდეთ რუსული პენსიის მისაღებადო? „ცენტრისტებსაც“ ეს უნდოდათ…“ – მეგი გოცირიძე
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ახალ თაობასთან“ ყოფილიმა დეპუტატმა მეგი გოცირიძემ ისაუბრა.
მეგი გოცირიძის განცხადებით, პარტია „ცენტრისტები“ არის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ შექმნილი პარტია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ „ცენტრისტების“ რეკლამას დიდი და საყოველთაო მღელვარება მოჰყვა საქართველოში. რუსული პენსიის დაწესებასა და რუსული სამხედრო ბაზების შემოყვანაზე ეს პარტია აქამდეც საუბრობდა. პირადად მე ამ პარტიაზე მისი დაარსების დღიდან ვყვირი. განცხადებები ყველგან, მათ შორის „ახალ თაობაშიც“ გავაკეთე. მაშინვე ვამბობდი, რომ პარტია „ცენტრისტები“ არის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ შექმნილი პარტია. ბედუკაძის და ხაჩიშვილის პარტიის სათავო ოფისი არის მოსკოვში. ისინი ღიად და ხმამაღლა აკეთებდნენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რასაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძალიან მშვიდად შეხვდა. საზოგადოებასაც არ ჰქონია სათანადო რეაქცია.
რუსეთუმეების დუმილი არც მიკვირს, ამ დუეტმა ყველა მათგანის პოზიცია გამოხატა, სხვები რატომ დუმდნენ, არ ვიცი. ცენტრისტების განცხადებები ყურადღების მიღმა ალბათ იმიტომ დარჩა, რომ ჩვენ, ქართველები, ბევრ რამეს არასერიოზულად ვუყურებთ. ჩემს გარემოცვაში „ცენტრისტები“ ბევრმა არასერიოზულად მიიღო, არადა ეს ძალიან სახიფათო ძალაა.
ეს გინება მაგათთვის დიდი რეკლამაა. დღეს ყველა ამ პარტიას უყურებს. მათი კლიპი, სადაც რუსულ პენსიაზეა საუბარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა. საზმაუს კი რეგიონებში ბევრი ხალხი უყურებს. იცით, რამდენი გაჭირვებული ადამიანი რეკავს აქეთ-იქეთ, სად დავრეგისტრირდეთ რუსული პენსიის მისაღებადო? „ცენტრისტებსაც“ ეს უნდოდათ. მართალია, მათ ლანძღავენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველას მათი სახელი აკერია პირზე. ეს პარტია კიდევ იმით არის სახიფათო, რომ მის უკან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დგას.
რუსეთის ბიუჯეტში ცენტრისტების დასაფინანსებლად ფულიც კი აქვთ გამოყოფილი. რუსეთის ბიუჯეტში გამოყოფილია თანხა, რომ თუ ცენტრისტები გაიმარჯვებენ, საქართველოში ნოემბრიდან რუსული პენსიის გაცემა დაიწყება“ – განაცხადა მეგი გოცირიძემ.