პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, მას შემდეგ, რაც ბიუროს დღევანდელი სხდომა კვორუმის გამო ვერ შედგა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„დღეს პარლამენტში უცნაური დღეა, ვინაიდან არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა მოწვევის პარლამენტების ისტორიაშიც მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც საკანონმდებლო საქმიანობას პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრებიან უმცირესობის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელი მიზეზის გამო, ბიუროს სხდომას არ დაესწრნენ ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაც.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა მოვიწვიე გასულ კვირას. გახსოვთ, პარასკევს საჯაროდაც განვაცხადე. ბიუროს ყველა წევრი იყო გაფრთხილებული საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, მანამდე ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელს, ბატონ გია ვოლსკის შევხვდი და ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე. შევჯერდით, რომ დღეს ჩაგვეტარებინა ბიუროს სხდომა. ასე რომ, ჩემთვის უცნობია მიზეზი და მოტივი, რატომ ვერ შეძლეს კოლეგებმა სხდომაზე მოსვლა. მე მქონდა მცდელობა დაკავშირების, მაგრამ ვერ შევძელი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.