გაზეთი „პრაიმტაიმი“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებსა და პარტიის ლიდერის ძვირადღირებული დასვენების შესახებ წერს.
„მეტრონომს“ სტატიასთან დაკავშირებით პარტიის პრესცენტრის პასუხი აქვს, თუმცა ამის შესახებ ქვემოთ. მანამდე,
“პრაიმტაიმის“ მიხედვით, ბურჭულაძეს მაისში ჩატარებული ყრილობის ვალები არ გაუსტუმრებია. კონტრაქტორი ორგანიზაციები კი, რომლებიც ბურჭულაძეს ყრილობის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ფულის ჩარიცხვას დღემდე ამაოდ ელიან.
როგორც სტატიაში წერია, საქართველოს მასშტაბით კოორდინატორები და პარტიის რიგითი წევრები უკვე მეორე თვეა, ჯამაგირს ვერ იღებენ. უფულობის გამო კი პარტია „კარდაკარის“ პროგრამას ვერ ატარებს.
საქართველოს მასშტაბით მან პარტიული ოფისებიც საკმაოდ ძვირად დაიქირავა. სხვა პარტიების ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის ოფისს პაატა ბურჭულაძე თვეში 4 ათას ლარად ქირაობს, მაშინ როდესაც ზოგიერთი პარტია დაახლოებით ამდენივე თანხას მთლიანად ქვემო ქართლის პარტიული სტრუქტურის შენახვაში იხდის.
ექსპერტების შეფასებით, ეს ან უცოდინრობის ბრალია – პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა, ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა, რომელსაც „დიდი ფული ანდეს, მან კი ის არაკეთილსინდისიერად დახარჯა“.
NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, პარტიას რეიტინგი თითქმის გაუნახევრდა. არჩევნების წინ მას მხოლოდ 6 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
გამოცემა აღნიშნულ სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს: „პაატა ბურჭულაძისა და მისი ცოლის ზღაპრულ დასვენებას ევროპაში „იავნანა“ აფინანსებს?!“
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკვე რამდნეიმე თვეა პაატა ბურჭულაძე მეუღლესთან – ანჟელა ვალისენკოსთან ერთად, ჰანოვერში, საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებს, მაშინ როდესაც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, პარტიის წევრები ხელფასებს უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ელოდებიან.
„პაატას თბილისის აეროპორტში ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი გადააწყდა. მათ მიუნხენამდე ერთად იმგზავრეს, შემდეგ კი, როცა ჰანოვერის რეისზეც ერთად აღმოჩდნენ, ამის შესახებ გახარებულმა მოგვწერა: ბურჭულაძესთან ერთად ვიმგზავრე, ისიც ჰანოვერში ისვენებსო. როგორც ცნობილ ბანს, ფოტოებიც გადაუღო. ისე, პაატა ბურჭულაძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მეუღლე ანჟელასთან ერთად ის სასტუმრო „შლოსჰოტელ მიუნჰაუსენ“-ში ისვენებს. სასტუმრო მართლაც ზღაპრულია. თუმცა, როგორც ყველა ზღაპარი, საოცრად ძვირი. ერთი დღე აქ გაჩერება 700 ევროდან 1100 ევრომდე ჯდება“, – წერს სტატიის ავტორი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ქველმოქმედებაში ფონდ „იავნანაში“ გადარიცხული თანხების მხოლოდ 27 პროცენტს ხარჯავდა. ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ კითხვები არსებობს და „იავნანა“ უარს ამბობს მონაცემების დაკონკრეტებაზე.
ამავე სტატიის თანახმად, პარტიაში აცხადებენ, რომ ბურჭულაძე ევროპაში საქმეებზე გაემგზავრა. ბურჭულაძე არა მხოლოდ ჯამაგირს არ უხდის საკუთარი პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს, არამედ გამოდის, ატყუებს კიდეც მათ.
„მეტრონომი“ აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით პარტია „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს, მამუკა გოგლიძეს ესაუბრა:
„პაატა ბურჭულაძე წასულია შეხვედრების გასამართად და დღეს დაბრუნდება. ამ შეხვედრების დასტური იქნება ჩვენი შემდეგი სამოქმედო გეგები. ამიტომ არანაირ დასვენებაზე საუბარი არ არის. ან როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს (წინა საარჩევნოდ) დასასვენებლად იყოს წასული?
„მეტრონომი“: რაც შეეხება სტატიაში აღნიშნულ ფინანსურ პრობლემებს და თანამშრომლების უხელფასობას?
მამუკა გოგლიძე: პარტიას არანაირი ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და შეიძლება, ხანდახან, ერთი-ორი დღით დაგვიანებულა ხელფასები. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
„მეტრონომი“:მარნეულის ოფისში მართლა იხდით 4000 ლარს?
მამუკა გოგლიძე: ამ თანხიან ოფისებს არ ვქირაობთ და ამხელა ფუფუნება არ გვაქვს მარნეულის ოფისში 4000 ლარი გადავიხადოთ. ეს სწორი ინფორმაცია არ არის.
„მეტრონომი“: აპირებს პარტია რამე განცხადების გაკეთებას ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით?
მამუკა გოგოლიძე: ეს არის ჩვეულებრივი აგორებული კამპანია, რომელსაც პირდაპირ ვიტყვი – სუსი ხელმძღვანელობს. ამიტომ მათი თამაშის მონაწილე ვერ გავხდებით, რადგან აბსურდული სტატიები იბეჭდება და აბსურდულ სტატიებს ჩვენ, ლოგიკურ, გონივრულ პასუხს ვერ გავცემთ.
მანა ნოდია