სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა.
სტურუამ სუიციდამდე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები წერილში განმარტა, სადაც წერია, რომ მას ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. წერილში აღნიშნულია, რომ პოლიციელი სტურუას იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა. ხოლო თუ ის პოლიციის, მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. ამავდროულად, წერილში სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და აღწერს, რომ ის მანქანაში ცემეს:
„გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“ – წერს დემურ სტურუა.
წერილი 2016 წლის 7 აგვისტოს, 20 საათსა და 10 წუთზეა დაწერილი.
გარდაცვლილის ოჯახიც მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. მეზობლების თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მათთან თავად ის პოლიციელი მივიდა, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცი წერს და სტურუების ოჯახი მოიკითხა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.