საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პერმანენტული აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მოთხოვნით – „გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი“.
საინიციატოვო ჯგუფის წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, აქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა.
„ფილოსოფიის ინსტიტუტიდან გამოგდებულ მარგველაშვილზე უკეთ ქართველი ხალხი აზროვნებს. მან რეფერენდუმზე უარის თქმით, ქართველ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება წაართავა. განცხადება, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, არის სრული უმეცრება. აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიისა“. ასევე შეთავაზება გაეგზავნება „ქართულ ოცნებას“.- აცხადებს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას ქორწინების განმარტებასთან დაკავშირებით. მარგველაშვილის თქმით, სამოქალაქო კოდექსში მსგავსი ჩანაწერი უკვე არსებობს.