ახალი ამბები მთავარი

მოკლული ნოდარ მოდებაძე მერაბიშვილის და ადეიშვილის საქმის მოწმე იყო

თელავის რაიონში მოკლული ნოდარ მოდებაძე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო.

ამის შესახებ “რუსთავი 2” 2015 წლის სექტემბერში აშუქებდა:

“ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ დღეს ბრალი დაუმძიმა. ახალ ბრალდებაში ერთ-ერთი მოწმე ბიზნესმენი ნოდარ მოდებაძეა. მან დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ნოდარ მოდებაძე აკურას მფლობელი იყო მის კომპანიას კი საზღვაო ბანკის დავალიანება ჰქონდა. მოდებაძე ამბობს, რომ ის თავად არც ადეიშვილს და არც მერაბიშვილს არ შეხვედრია.

მოწმემ გაიხსენა ბათუმში განვითარებული მოვლენები თუმცა მან ყოფილი პროკურორის ვერც სახელი და ვერც გვარი ზუსტად ვერ გაიხსენა, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესი სწორედ მან დაათმობინა.

“როგორც ხდებოდა მოხდა ჩემი ამბავიც ჩვეულებრივ მოხდა. დამიბარეს ბათუმში მაშინდელმა პროკურორმა გიორგი, გიგამ პოპიაშვილი თუ პაპიაშვილი, პაპუაშვილმა. მითხრა ესეთი რამე რომ უნდა ჩამაბარო თქვენი ქონება ან უნდა დააბრუნოთ ფულიო. მე ვთქვი რომ ფულს ვერ დავაბრუნებ არ მაქვსთო, მაშინ ქონება დაარბუნეო. მერე იყო ბევრი შეხვედრები ბოლოს იძულებული გავხდი დამებრუნებინა ქონება. მუქარა რა მითხრა პირდაპირ რომ ძალიან დიდი უსიამოვნები გექნებაო. იძულებული გავხდი მეც და ჩემი პარტნიორიც რომ გვეჩუქებინა ეს ქონება სახელმწიფოსთვის,”- განაცხადა ბიზნესმენმა ნოდარ მოდებაძემ “-ნათქვამია ტელეკომპანიის საიტზე.

ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა. მოდებაძე თამაზ მეგრელიშვილთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონის სოფელ აკურაში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ნოდარ მოდებაძე, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრია. ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ “საქართველოს აღორძინებას” წარმოადგენდა.

როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი იუწყება, მოდებაძეს კონფლიქტი მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთან, რომელმაც მას სანადირო თოფიდან ესროლა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში  განუცხადეს,   გამოძიება  108-ე მუხლით მიმდინარეობს.  დამნაშავე ჯერ არ არის დაკავებული.

 

იტვირთბა....