თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა გახდა. ის მანამდე თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი და ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
თანამდებობები დატოვეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორებმაც. თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი გურამ ჩიქოვანი მოღვაწეობას პროფესორის რანგში განაგრძობს. აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ კი თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.
რაც შეეხება უნივერსიტეტების ახალ რექტორს, ვატო ლეჟავას, ის 2009-2012 წლებში იყო ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. 2007-2008 წლებში კი მას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ლეჟავა ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, Doing Business-ის რეფორმებს. რეფორმების შედეგად, 2014 წელს მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, 2005 წელს დაკავებული 112-ე ადგილიდან.
ვატო ლეჟავა იყო საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილზე.