„ის ობიექტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, არ განეკუთვნება არც მართვის პულტს, არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს“- ამის შესახებ საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე საუბრობს ობიექტზე, რომელიც გენერალ ტრისტან წითელაშვილის საქმეში ფიგურირებს. მან კომენტირებისას თავდაცვის ყოფილი მინისტრების, მინდია ჯანელიძისა და თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა.
”ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება, რომელიმე ყოფილ მინისტრზე გავაკეთო კომენტარები. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის ობიექტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, არ განეკუთვნება არც მართვის პულტს, არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს. ყველა დოკუმენტი, რომელიც მოითხოვა შესაბამისმა უწყებებმა გადაცემულია და დასკვნას ისინი დადებენ”, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ “რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე შეიყვანა. ამ უკანასკნელმა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, სადაც საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.
როგორც გიგი კალანდაძემ განაცხადა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და ინფორმაცია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.