ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის 8 აგვისტოს იხსენებს:
“ცხოვრებაში პირველად წავედით მე და ბაჩო ერთად 5 დღიან მოგზაურობაში პრაღაში, 2008 წლის აგვისტო იყო, არაფერი ხდებოდა, ყველა ისვენებდა, ბაჩო ძლივს დავიყოლიე, 5 დღე რა ამბავია, ამდენი დღე ერთად ცხოვრებაში არ დამისვენიაო.
6 აგვისტოს დათამ თბილისიდან დაურეკა და უთხრა, რომ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, სასწრაფოდ გავვარდით აეროპორტში, ბაჩოს სახე არასოდეს დამავიწყდება, არ ლაპარაკობდა, მხოლოდ თავისთვის ფიქრობდა ჩუმად, ვერც ვერაფერს ვეკითხებოდი, ძალიან შემეშინდა, ბაჩოს ქცევიდან გამომდინარე მივხვდი, რომ უბედურება ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, დანა პირს არ უხსნიდა…
იმდენად ეჩქარებოდა საქართველოში, რომ სტამბულის გავლით აიღო ბილეთი, რომელიც ერთი საათით უფრო ადრე ჩამოგვაფრენდა თბილისში, ვიდრე პირდაპირი რეისი – პრაღა-თბილისი… მობილური აიღო, დარეკა და ვიღაცას უთხრა სტამბულის რეისს მოვყვები, აეროპორტში დამახვედრეთ ფორმა და იარაღი… გული გამიჩერდა, მივხვდი რომ ომში მიდიოდა…
მთელი გზა დუმდა, ხმა არ ამოუღია, არც ერთი სიტყვა…
მაშინ ბაჩო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. თბილისში ჩასვლისთანავე, აეროპორტიდანვე მე დედასთან გამიშვა, თვითონ ომში წავიდა, 3 დღე არ გამოჩენილა, სატელეფონო კავშირიც კი არ იყო, კახა ბუცხრიკიძესთან დაკავშირება შევძელი მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ გავიგე რომ ბაჩოს მანქანას ჭურვი მოხვდა, კახას ხმა რომ გავიგე ტელეფონი გავთიშე, არც არაფერი მიკითხავს, უბრალოდ ვიგრძენი რომ ბაჩოც ცოცხალი იყო…
8 წელი გავიდა, ასე საჯაროდ ამ ამბავს პირველად ვყვები, იმდენად მძიმეა იმ საშინელი დღეების გახსენება, რომ ალბათ -უკანასკნელადაც”-წერს ანი ნადარეიშვილი.