ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს  განცხადებას ავრცელებს:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 4 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ამასთან, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

 

პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო.

 

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ პარტია ‘’ჩვენი სამშობლოს“ მიერ აქცია მოეწყო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს. აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციას  საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

იტვირთბა....