ბორჯომში სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. ამ ეტაპზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. წვიმა და სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს:
”ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ქ. ბორჯომში გაემგზავრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტულის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე აგრეთვე მობილიზებულია საპარტულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება.
ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ერთი ქალბატონი. აღნიშნული მომენტისთვის დაზარალებული სამაშველო სამსახურების მიერ ამოყვანილია დაზიანებული ავტომობილიდან და მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. ყველა რთულ ადგილას უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მაშველები. დამატებით სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართულები არიან საპატრულო დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.”, – ნათქვამია განცხადებაში.