საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც სააკაშვილი ორგანიზაციის მიერ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ შენიშვნას გამოეხმაურა, პასუხობს. განცხადებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საფრთხის შემცველია:
”მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად, რაც მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს ყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი.
კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად – საზოგადოების მისამართით. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას,”- აღნიშულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართა. ორგანიზაციამ დამრღვევი პირის მიმართ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადების მიზეზი 31 ივლისს ქ. ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა გახდა, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში დაფიქსირდა.
მიხელ სააკაშვილი საიას განცხადებით გამოეხმაურა:
”მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია”, – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.