ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა:
“ბუნებრივია, პროკურატურისგან მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება იქ შესვლის, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრის განცხადებით, უწყებამ პროკურატურას საქმეზე არსებული ყველა მასალა უკვე გადაუგზავნა და გამოძიებაც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.