წალკის რაიონში მომხდარი მკვლელობა, რომელსაც 23 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, ნათესავებს შორის ქონებრივ დავას უკავშირდება.
კერძოდ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, სამსონ თამარიანისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჰაიკ მელტონიანის ოჯახებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო.
გამოძიების დეტალებიდან გამომდინარე, სამსონ თამარიანი მიწის ნაკვეთს მელტონიანების ოჯახს ედავებოდა. სისხლიან გარჩევას ჰაიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ სამსონ თამარიანი ჰაიკ მელტონიანის უმცროს ვაჟს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა და მიატოვა. როდესაც ჰაიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი ბავშვის წამოსაყვანად წავიდნენ, ამ დროს თამარიანის ვაჟმა მელტონიანების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი შემთხვევის ადგილზე სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ შემთხვევის შემდეგ თამარიანის მისამართით მელტონიანმა გაისროლა. შედეგად კი თამარიანის ძმა დაიჭრა. ამ დროისთვის პოლიციას განზრახ მკვლელობის ბრალდებით თამარიანის ვაჟი ჰყავს დაკავებული, ჰაიკ მელტონიანი კი – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
„მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია. ჩვენ თავებს გავწირავთ. დავიხოცებით, კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ აღვასრულებთ მას. სამსონ თამარიანი თავისუფალი არ უნდა იყოს. ის ჰაიკის ბავშვს დაეჯახა მანქანით და არასრულწლოვანი მიატოვა. როდესაც ჩემი ძმა და მეორე ძმისშვილი ბავშვის მოსაყვანად წავიდნენ, თამარიანის შვილმა ჩემს ძმისშვილს ესროლა. ის აპირებდა ჩემი ძმის მისამართით სროლას, რა დროსაც ჩემმა ძმამაც გაისროლა. ამ ყველაფერში უფროსი თამარიანია დამნაშავე. ის საკუთარ თანამდებობას იყენებს და გავლენით სარგებლობს. ამ სოფელში ყველაფერს დაპატრონებულია“, – განაცხადა ჰაიკ მელტონიანის ძმამ, დავით მელტონიანმა.
მელტონიანის ოჯახი სამსონ თამარიანის დაკავებასა და ჰაიკ მელტონიანის გათავისუფლებას მოითხოვს.
ინფორმაციას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.