თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ პირველად დაიბადნენ ლომის ბოკვერები, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს.
„და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!
წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!
თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!
კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა – ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ… მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.
ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.
მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული!“- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობა მოხდა. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი და დაიტბორა ზოოპარკი, რის გამოც ცხოველების ნაწილი გარდაიცვალა. შუმბა თბილისის ზოოპარკის ბინადარი თეთრი ლომის ბოკვერი იყო, რომელიც მოკლული იპოვნეს. სტიქიას ზოოპარკის რამდენიმე ბინადარი გადაურჩა და ვოლიერიდან გაიქცა, მათ შორის იყო შუმბაც. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით მოკლეს რამდენიმე გაქცეულლი მტაცებელი ცხოველი. თბილისის ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციით, თეთრი ლომის ბოკვერი საკუთარ ვოლიერში ტყვიით მოკლული იპოვნეს.