ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გიორგი ნასამართლევია, ადვილია მისთვის ხელის შეწმენდა“: ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელი თავისუფალია?

„პრაიმტაიმი“ ფონიჭალაში მომხდარ დედა-შვილის საზარელ მკვლელობაზე ჟურნალისტური გამოძიების მასალას აქვეყნებს.

გაზეთის ინფორმაციით:

„26 წლის გიორგი ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახის მეგობარი გახლდათ. ის სამართალდამცავებმა მოწმის სტატუსით ჯერ კიდევ 22 მარტს დაკითხეს და ისევე, როგორც ყველა სხვა ახლობელს, დნმ-ს ნიმუშიც აუღეს. მაშინ გამოძიებას ხაბელაშვილის ბრალეულობაში ეჭვი არ შეუტანია. ის პირველი დაკითხვიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ დააკავეს ბრალდებულის სტატუსით. საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ სწორედ ამ დროს მიიღეს ექსპერტიზის პასუხი, რითაც მკვლელობის იარაღზე (დანა) ხაბელაშვილის დნმ-ს არსებობა დადასტურდა. გამოდის, რომ მთელი 4 თვის განმავლობაში ხაბელაშვილი უმოქმედოდ ელოდა მისი მამხილებელი დასკვნის დადებას და არც ერთ ეტაპზე ქვეყნიდან არ გასულა. არადა, პროკურორმა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მთავარ არგუმენტად სწორედ მიმალვა დაასახელა, გამომდინარე იქიდან, რომ „ბრალდებულს ახლო კავშირები აქვს საზღვარგარეთ მყოფ პირებთან“. სავარაუდოდ, აქ გულისხმობდა ხაბელაშვილის დედას, რომელიც თურქეთში იმყოფება და ასევე, დას, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

გიორგი ხაბელაშვილი ფონიჭალაში მამფორიების მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ სახლი დაცალა და ორხევის დასახლებაში გადავიდა. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოთარ მამფორიას ძმასთან, გელა მამფორიასთან და ასევე, ოთარის პირველი ცოლის ძმებთან – დავით და ლაშა ჩაჩუებთან. ოთხივე ეს პირი ორხევში თითქმის ყოველდღიურად იკრიბებოდა, შესაბამისად, გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ, თუ მართლაც ხაბელაშვილია მკვლელობის შემსრულებელი, მას ამ საქმეში დამკვეთი, ან ე.წ. „ნაკოლის“ მიმცემი ჰყავდა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რა შემოუთვალა ციხიდან გიორგი ხაბელაშვილმა გელა მამფორიას და ძმებ ჩაჩუებს. გარდაცვლილ ნონა რამინაძის მაზლსა და ოთარ მამფორიას პირველი ცოლის ძმებს ხაბელაშვილი ფულის აგროვებას და მისი მეგობარი ქალის ანგარიშზე ჩარიცხვას სთხოვს. ბრალდებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით მართლაც ესაუბრა გელა მამფორიას, რომელსაც ეს ინფორმაცია ხაბელაშვილის ახლობლისთვის უნდა გადაეცა. გარდაცვლილის ოჯახისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. მათთვის გაუგებარია, რატომ დაეკონტაქტა ბრალდებული გელა მამფორიას და ძმებ ჩაჩუებს, რომლებიც, სხვათა შორის, სამართალდამცავებმა ხაბელაშვილთან ერთად დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

 

გავარკვიეთ ისიც, რომ გიორგი ხაბელაშვილი და გელა მამფორია წარსულში ერთად იხდიდნენ სასჯელს, ისინი ასევე ერთად თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს. ერთ-ერთი მოწმის, ვინმე ლურსმანაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ გელა მამფორიამ გაცილებით ადრე იცოდა, ხაბელაშვილი ფონიჭალაში კონკრეტული ოჯახის დაყაჩაღებას რომ აპირებდა, თუმცა გარდაცვლილის მაზლს მაშინ ამის შესახებ არც ძმისთვის და არც საგამოძიებო ორგანოებისთვის არაფერი უთქვამს. ეს ამბავი ოთარ მამფორიას სულ ცოტა ხნის წინ გაუმხილა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. ამ პერიოდშივე, 4-თვიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა ხაბელაშვილის ექსპერტიზის პასუხები, რითაც გამოძიებას მის მიმართ ეჭვები კიდევ უფრო გაუმყარდა. რატომ მალავდა გელა მამფორია ზემოხსენებულ ინფორმაციას? როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვიყვება, ბოლო პერიოდში „გიორგისა და გელას ურთიერთობა დაეძაბათ რაღაც თანხასთან დაკავშირებით, ხაბელაშვილი ურეკავდა და დაჟინებით სთხოვდა თანხის მიტანას“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ დაარღვია დუმილი გელა მამფორიამ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, კაზინოს ხშირი სტუმარი გახლავთ და მკვლელობის წინა ღამეს საკმაოდ სოლიდური თანხაც წააგო. ეს ინფორმაცია პირადად მან თვე-ნახევრის წინ დაგვიდასტურა და არც ის დაუმალავს, რომ პირველ ეტაპზე სავარაუდო ეჭვმიტანილთა შორის განიხილავდნენ. მაშინ გელა მამფორია გვარწმუნებდა, რომ მკვლელობა გარდაცვლილ ნონა რამინაძის საახლობლო წრეს უკავშირდებოდა.

 

გელა მამფორია, გარდაცვლილის მაზლი:

– 2000 წელს დამიჭირეს პირველად, მეორედ – 2004 წელს. წვრილმანი ქურდობისთვის ვიჯექი. ამაზე გამომძიებელმაც მკითხა და ყველაფერი მოვუყევი დეტალურად.

„პრაიმტაიმი“ ერთხელ უკვე წერდა, რომ ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, ოთარ მამფორიას პირველ მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც დაახლოებით 6 წლის წინათ ამავე ბინის აბაზანაში 7 თვის ორსული გარდაიცვალა. „გარდაცვალების მიზეზად ეპილეფსია დასახელდა, მაშინ ვერც ჩვილის გადარჩენა მოხერხდა“, – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.

 

ოთარ მამფორია (გარდაცვლილის მეუღლე) არ გამორიცხავს, რომ საქმეში კიდევ სხვა ახლობელიც იყოს გარეული.

„მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს თავზე, სხვა დანარჩენი რა გითხრათ. ჩემს ძმაზეც კი არ ვაგებ პასუხს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამფორია. ის, ასევე, იხსენებს, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა გიორგი ხაბელაშვილს მის ბინაში ფულის არსებობის შესახებ, თუმცა მამფორიას ასევე აეჭვებს, რატომ არ წაიღო თავდამსხმელმა თანხა.

 

ოთარ მამფორია:

– თამაშობდა ეგეც და მაგის საყვარელიც. დასაფლავების დღეს 1500 ლარი მოუგია. ჩემს ძმასთან ერთადაც ხშირად თამაშობდა, როგორც ვიცი. მკვლელობის წინა თვეს ჩემს დაბადების დღეზეც იყო მოსული.

 

– საიდან იცოდა, რომ თქვენ სახლში ფული გქონდათ?

 

– ჩემი პირველი ცოლის ძმებისგან და ჩემი ძმისგან. მე ასე ვფიქრობ. აბა, მე მისთვის არ მითქვამს, რომ სახლში ფული მაქვს. ფული სადაც მედო, იქვე მედო ქვითრები. ასე უთქვამს, „მატრასი“ რომ ავწიე, ქვითრები ვნახეო. თუ მართლაც ასეა, მაშინ ფულიც ყველა ვარიანტში უნდა ენახა. ფული რომ წაღებული ყოფილიყო, თავიდანვე ვიეჭვებდი მაგაზე და ჩემით გავუსწორდებოდი, მაგრამ ხელი არ ჰქონდა ნახლები არაფერს.

 

ახლა კი, რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახის პოზიციას. გიორგი ხაბელაშვილის და, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, რამდენიმე საეჭვო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

ნატო ხაბელაშვილი, ბრალდებულის და:

– ვუსმინე ჩემს ძმას ტელევიზიით, სასამართლოში რომ ილაპარაკა. თავზე ჩამომაცვეს ცელოფანი და მუცელში მირტყესო. კამერებზეც არის ჩანაწერები და რატომ არ ხსნიან ამ ჩანაწერებს. სამმართველოში ყავისფერი მაისურით შეიყვანეს, სასამართლოში კი – თეთრი მაისურით. რატომ გამოუცვალეს, თუ ნაცემი არ არის. რატომ არის ამდენი გაურკვევლობა, ვერ ვხვდები.

 

– ანუ თქვენი პოზიცია როგორია?

 

– მე არა მგონია, ეს ჩემს ძმას ჩაედინა. პატარა მარიამის სახე მელანდება დღე და ღამე. ბავშვი რომ მოკლა, ამას ვინმესთან იტყვი? ეს ხომ აბსურდია.

 

– თუმცა დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა…

 

– როცა გცემენ და შეგიძლია თავის დაღწევა, დააღწევ და სასამართლოში დაამტკიცებ სიმართლეს. ეს ხომ მკვლელობა არ იყო, ეს იყო სადიზმი. ბავშვს 16-ჯერ დანა რომ დაარტყა, ეს უკვე მკვლელობა არ არის, ეს უფრო მეტია. ფულის გამო თუ გააკეთა ეს სადიზმი, ფულის წაღება დაავიწყდა?!

 

– ამბობენ, ვერ იპოვა და მალევე გაიქცაო…

 

– აბა, სხვას რას ათქმევინებდნენ. 3 წლის ბავშვი და ქალი მოკლა ფულის გამო და ფული არ წაიღოო? თავს ვერაფერზე ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტებია საჭირო ყველაფერში. ჩატარდება სასამართლო პროცესები და იმედი მაქვს, ყველაფერს პასუხი გაეცემა.

 

– დნმ-ის დამთხვევაზე რას იტყვით?

 

– 4 თვის წინ არის დნმ-ის ანალიზი აღებული. ეს რომ მართლა დამთხვეოდა, პირველს დაიჭერდნენ, თუნდაც იმიტომ რომ 8 წელი ციხეშია ნაჯდომი. რატომ უნდა იყოს ასეთი გაურკვევლობები. ფულის გამო იყო შესული და ისე დახოცა, რომ ფული არ წაიღო?!

 

– რაში აწყობდათ, მისთვის ტყუილად დაებრალებინათ?

 

– გიორგი ნასამართლევია, ჩემი აზრით, მაგიტომ დაუკავშირეს მას ეს ყველაფერი. ადვილია მისთვის ხელის შეწმენდა.

 

პროკურატურა კი გიორგი ხაბელაშვილის ბრალეულობაში დარწმუნებულია და მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს, თუმცა პროკურორი ლიკა ჩადუნელი ამბობს, რომ ბრალდებულის განცხადებას შესაბამისი ორგანო შეისწავლის.

 

ლიკა ჩადუნელი, პროკურორი:

– ზეწოლის შესახებ საუბარი არის ტყუილი, რათა ყურადღება გადაიტანოს სხვა გარემოებაზე და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს მოკვლევას.

 

– რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ხაბელაშვილის წინააღმდეგ?

 

– საქმეზე დაკითხულია არაერთი მოწმე, ასევე, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სურათს და ადასტურებს, რომ კონკრეტულად გიორგი ხაბელაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. დანაზე არსებობს მისი დნმ, ისევე, როგორც სკამის საზურგეზე, რომელიც თავში ჩაარტყა გარდაცვლილ ქალბატონს. არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ყველა ეს დაზიანება. დანით არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული როგორც ბავშვს, ისე ქალბატონს. მათი სისხლი აღმოჩენილია დანის პირზე, ხოლო დანის სახელურზე – გიორგი ხაბელაშვილის ბიოლოგიური მასალა. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, დადასტურებულია, რომ სწორედ თანხის გულისთვის არის შესული. მან იცოდა, რომ ეს თანხა ჰქონდა ოჯახს, მაგრამ ვერ მიაგნო.

 

ასეთია პროკურატურის პოზიცია, რომელიც ამ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და შესაბამისად, სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. უკვე ცნობილია, რომ გიორგი ხაბელაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს არის დანიშნული.“

წყარო: „პრაიმტაიმი“

 

იტვირთბა....