კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს.
შენგელიას განმარტებით, შესაბამისი სამსახური მისი საჯარო განცხადებებით დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო.
კახა შენგელია კალათბურთის ფედერაციას ესპანეთის სასკი ბასკონიასთან გაფორმებულ კონტრაქტის დეტალებზე ერთი თვეა აქტიურად საუბრობს.
შენგელია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ქართული მხარისთვის წამგებიანია და ის კორუფციულ საეჭვო დეტალებსაც შეიცავს.
ხელშეკრულება, რომელიც შენგელიამ გაასაჯაროვა და რომელიც მისი ფედერაციიდან წამოსვლის მიზეზი გახდა, 2014 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ დროს მიხეილ გაბრიჩიძე იყო, სპორტის მინისტრი კი ლევან ყიფიანი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5-წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან.
ხელშეკრულების მიხედვით, GBF „სასკი ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს.
აქედან ა) 300,000.00 ევრო – მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო – ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო – მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 850,000.00 ევრო – ტექნიკური მომზადებისთვის.
გასულ წელს კემპში ჩაერთო და ესპანეთში სავარჯიშოდ წავიდა 3 ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე. როგორც „აიპრესთან“ საუბრისას ლუკა ბულაშვილის მამა აცხადებს, მათ თავად გადაიხადეს ვარჯიშის და სწავლის საფასური, 25 ათასი ევრო და სახელმწიფოს დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ორ კალათბურთელს, გიორგი ტურძელაძესა და ნიკა დარბაიძეს კემპი ბოლომდე (10 თვე) არ გაუვლიათ და საქართველოში 2 თვეში დაბრუნდნენ.
მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ ამჟამინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს გაუგზავნა, ირკვევა, რომ გრანტის მქონე მოთამაშეებიდან 9 უცხოელია და სამი ქართველი.
ანალიზის გრაფაში: „მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით“ სიტყვასიტყვით ვკითხულობთ:
- დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი;
- ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდა კალათბურთელების მომზადებისთვის სოლიდურ თანხებს იხდიდა, და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრისთვის წარდგენილი ანალიზის მიხედვით ერთ-ერთი კალათბურთელი, ლუკა ბულიაშვილი გრანტიორთა სიაშია ჩასმული, „აიპრესისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელის მამას, ლევან ბულიაშვილის კალათბურთის ფედერაციამ „სასკო ბასკონიაში“ მომზადებისთვის 17 000 ევრო გადაახდევინა.
გამოდის, რომ 2015 წელს, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უცხოურ კლუბს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 300 000 ევრო და დამატებით 260 799 ლარი გადაუხადა. შედეგად კი საქართველოს და ქართულ კალათბურთს არაფერი მიუღია. გასულ წელს ბასკონიაში არცერთ ქართველ მწვრთნელს არ გაუვლია რაიმე სახის მომზადება და არც ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს.
“მეტრონომი” კალათბურთის ფედერაცია დაუკავშირდა. ფედერაციის პრესსამასახურში აცხადებენ, რომ შენგელია საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ელოდნენ. ამ ეტაპზე უწყება საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურში “მეტრონომს” უთხრეს, რომ ცოტა ხნის წინ სამინისტროში დაპირისპირებული მხარეები დაიბარეს. შეხვედრას კახა შენგელია, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
“ჩვენ გვქონდა სამი დღის წინ შეხვედრა ზუსტად ამ თემაზე. ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს. შეხვედრას ლერი ხაბელოვი და პარლამენტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდათ. ჩვენ მხარეებს მივეცით ორთვიანი ვადა საბოლოოდ წარმოადგინონ დოკუმენტები და ორი თვის შემდეგ ისევ შეიკრიბება კომისია. სამინისტრო ამ საკითხით დაინტერესებულია და სწორედ ამიტომ შედგა ეს შეხვედრა.”- აცხადებენ უწყებაში.