ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მერიაში მასშტაბური და სისტემური კორუფცია ყვავის“

ცოტა ხნის წინ მერიაში კორუფციის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს, სწორედ ამ თემაზე და მერიაში არსებულ კორუფციაზე ესაუბრა მონიტორინგის ცენტრ “მონიტორის” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი BPN-ს.

მისი თქმით, დავით ნარმანიამ მერიაში მიიყვანა ადამიანები, რომლებსაც მინიმალური კვალიფიკაციაც კი არა აქვთ, ვერ ჩააბარეს გამოცდები და თანამდებობებზე ნეპოტიზმის ნიშნით არიან დანიშნული.

„რა თქმა უნდა, გვახსოვს შემთხვევა, როცა კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი დააკავეს, რომელიც მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 ათას ლარს იღებდა. გვახსოვს ვაკის გამგეობის თანამშრომელიც, რომელიც მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ სძალავდა ფულს; ასევე – შემთხვევა, როცა სამგორის რაიონის თანამშრომელი იმის გამო დააკავეს, რომ მეშაურმისგან ფართის დათმობის სანაცვლოდ იღებდა ქრთამს. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რაც მიანიშნებს, რომ მერიაში მასშტაბური და სისტემური კორუფცია ყვავის. ორი-სამი თვე არ გავა, რომ თვითმმართველობაში კორუფციის ბრალდებით ერთი ან რამდენიმე ადამიანი არ დააკავონ. და ყველა, ვინც დააკავეს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდშია დანიშნული, მათ შორის – დაკავებული მეყანწიშვილიც, რომელმაც 2015 წლის 31 დეკემბერს უსაფრთხოების სამსახურიდან 120 თანამშრომელი გაათავისუფლა და მათ ნაცვლად სამსახურში პარტიული აქტივისტები მიიღო. მის მიერ გათავისუფლებული ადამიანების ნაწილის უფლებებს ჩვენი ცენტრი იცავს.

ეს ადამიანები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურში ადამიანების დანიშვნა დაახლოებით 2-3 ათას ლარამდე ჯდებოდა. ამბობენ, რომ ვისაც ფული არ ჰქონდა, ნახევარ წელიწადს მერიის უსაფრთხოების სამსახურში “პოსლეზე” მუშაობდნენ“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მერიის თანამშრომელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი უცხოელ ბიზნესმენს, თანხის სანაცვლოდ, დახმარებას ჰპირდებოდა – მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებასა და ნებართვის დროულად მიღებაში.

იტვირთბა....