ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქობულეთში. პატიმრობაში მყოფი რევაზ კარალიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება.
წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რევაზ კარალიძე 2013 წლის ივლისში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გასაჩივრების შემდეგ მეორე ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მას შემდეგ, კი რაც ოჯახმა გადაწყვეტილება მესამე ინსტანციაში გაასაჩივრა და კარალიძემ 2 წელი და 11 თვე პატიმრობაში გაატარა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ოჯახის წევრები თვლიან, რომ კარალიძე უკანონოდ დააპატიმრეს. ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურამ უზენაესი სასამართლოდან საქმე გამოითხოვოს და ხელახალი გამოძიება დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კარალიძეები ფართომასშტაბიანი აქციებით და სარკინიგზო მაგისტრალის ბლოკირებით იმუქრებიან.