ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკანდალური 5 მილიონი: „იავნანა“ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „იავნანა“ განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც  გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას პასუხობს, სადაც ფონდის საქმიანობა და შემოსავლები ეჭვქვეშ დგას:

 

„ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია გრძელდება!

ეს გახლავთ მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი და მართული კამპანია პოლიტიკური შავი პიარისა, რომელშიც სამწუხაროდ, ჩართულია არაერთი გამოცემა და საინფორმაციო პორტალი.

ამჯერად, გამოქვეყნდა მორიგი მასალა, სადაც საქმე გვაქს ციფრებით მანიპულირებასთან. იგივე მედია-საშუალებამ გაზეთმა Prime Time რამდენიმე დღის წინ, გამოაქვეყნა წერილი, რომლის სათაურშიც განსაკუთრებული ზომის შრიფტით იყო გატანილი, რომ „იავნანამ“ ძვირადღირებული ჯიპები შეიძინა. ამჯერად, კი იგივე გამოცემა წერს, რომ მხოლოდ ერთი ავტომობილი იქნა გამოყვანილი ტოიოტას ცენტრიდან. რითაც „ააგორეს“ თემა, მომდევნო პუბლიკაციაში თავადვე უარყვეს. ასევე წინა ნომერში იუწყებოდნენ, რომ „იავნანაში“ 5 მლნ. დაიკარგა, ხოლო 28 ივლისს გამოაქვეყნებულ სტატიაში ამბობენ, რომ 3 მილიონს ვერ პოულობენ ფონდში. და ამ ყველაფრის შესახებ წერს გამოცემა, რომელიც ფონდის ოფისის მისამართსაც კი შეცდომით ასახელებს. ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე გვერდიან სტატიას წინ უძღვნის ფრაზა „გადაუმოწმებელი ინფორმაციით“.

იმისათვის, რომ ფონდს ზიანი მიაყენონ, რითაც ყველასათვის ნათელია, რომ საბოლოო ჯამში, დაზარალდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები და სტუდენტები, ნაცად და იაფფასიან ხრიკს მიმართეს, რაც გამოიხატება ციფრებით მანიპულირებაში. სკანდალური ციფრის მისაღებად დააჯამეს ფონდის თანამშრომელთა 5 წლის ხელფასები. მოგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანაში“ მუშაობს 16 თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ჯამი თექვსმეტივესი ერთად სინამდვილეში 18 938 ლარს შეადგენს.

აგრეთვე, აქცენტს აკეთებენ ფონდის „სხვა ხარჯებზე“, რაც ძირითადად კონცერტის მოწყობასთან დაკავშირებული გასავალია. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსოფლიო აღიარების მქონე არტისტების მოწვევა. ბოლო დროს, არაერთხელ გახდა განსჯის საგანი უცხოელ ვარსკვლავთა ჰონორარები, რაც თითო მათგანზე ზოგ შემთხვევაში რამდენიმე მილიონს შეადგენდა. როდესაც „იავნანას“ მოწვევით ჩამოდიან მსოფლიო რანგის სოლიტები და დირიჟორები, ისინი ჰონორარის გარეშე იღებენ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას, მაგრამ მგზავრობას, სასტუმროს, საქართველოში მათი ყოფნისა და კონცერტის საორგანიზაციო ნაწილის ხარჯებს ფონდი უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯები ფინანსდება არა მოქალაქეების შემოწირულობებიდან, არამედ კერძო კომპანიებიდან და სპონსორებიდან.

ზემოაღნიშნული წერილის ავტორს გამორჩენილი აქვს (შესაძლოა შეგნებულად გამოტოვებული) რამდენიმე მნიშვნელოვანი გრაფა. მათ შორის 5 წლის მანძილზე საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობაში დახარჯული ფინანსები 2 379 000 ლარი. სხვა საქველმოქმედო ფონდისთვის „იავნანას“ ანგარიშიდან გადარიცხული მიზნობრივად შემოსული თანხა 276 000 ლარი. 5 წლის მანძილზე ნატურალური ფორმით გაწეული სხავდასხვა სახის დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რაც შეადგენდა 96 000 ლარს.

შემოწირულობების სახით უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, რომლის შესახებაც გამოცემა წერს 6 250 860 ლარია შემოსული, საიდანაც საქველმოქმედო მიზნობრივი ხარჯი შეადგენს 5 653 698 ლარს. ანუ ბოლო 5 წლის მანძილზე ქველმოქმედებაზე დაიხარჯა შემოწირული თანხის 91, 9 %.

აქვე უნდა ითქვას მთავარი, რომ ფონდში შემოსული თანხების ყველაზე დიდი პროცენტი არა მოქალაქეთა შემოწირულობებით, არამედ პაატა ბურჭულაძის მეგობრებისა და პირადი კონტაქტების ძალისხმევის შედეგი იყო.

მთელი ეს თანხა, რის შესახებაც გამოცემა წერს, არავის გაუკვირდებოდა მხოლოდ მონსერატ კაბალიეს ჰონორარი ყოფილიყო. თუმცა ფონდის მოწვევით მას შემდეგაც ათეულობით ვარსკვლავი სტუმრობდა საქართველოს, მათ შორის დიანა ვიშნევა მორის ბეჟარის მთელი საბალეტო დასით, მაია პლისეცკაია, კრის ბოტი, ევგენი კისინი, „იავნანას“ აქციების მონაწილე გახლდათ რენატო ბრუზონი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, კატია რიჩარელი, ფერუჩო ფურლანეტო. ფონდმა 2011, 2012 და 2015 წელს ასევე მასშტაბური გალა-კონცერტები გამართა ბარსელონას საოპერო თეატრში, პარიზის „სალ ფლეიელსა“ და სტრასბურგში. ყოველ ამ ღონისძიებას ახლავს გარკვეული ხარჯები, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ არასოდეს დაფინანსებულა მოქალაქეთა შემოწირულობით.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ფონდის დისკრედიტაციით დაინტერესებული ძალები ხელმოსაჭიდსაც კი ვერაფერს ნახავენ. თუმცა საზოგადოებრივი აზრზე ასეთი „გულმოდგინე“ მუშაობით მათ შეუძლიათ დააზარალონ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი უსახლკარო ოჯახები, სტუდენტები და აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვები. აგრეთვე, ზიანი მიაყენონ მთლიანად ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო აღიარების მქონე საქველმოქმედო ფონდის შესახებ ცილისმწამებლური ცნობების ტირაჟირებით.

პატივისცემით, ფონდი „იავნანა“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც ფონდში არსებული შემოსავლების ხარჯვა ეჭვქვეშ დგას. მასალა სათაურით „გასაიდუმლოებული ფინანსური ოპერაციები, „იავნანას“ ფონდიდან ნაყიდი ძვირად ღირებული ჯიპები და დაკარგული 5 მილიონი“  25 ივლისს გამოქვეყნდა.

იტვირთბა....