ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიგერიის მოქალაქე „საქართველოს ბანკს“ რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

ნიგერიის მოქალაქე, სოლომონ ადებაო ოკელეი “საქართველოს ბანკს” მის მიმართ განხორციელებულ რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI) 2016 წლის აპრილში მიმართა იურიდიული დახმარების აღმოსაჩენად.

როგორც TDI-ში აცხადებენ, ოკელეისა და სხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ “საქართველოს ბანკი” ქვეყანაში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, ისარგებლონ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. მათი შეფასებით, ამის გამო ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

“საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად გასცემს ბარათს, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამგზავრო დანიშნულებით, ასევე, საბანკო მომსახურების მისაღებად. არცერთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის პირს ამგვარი ბარათის გაცემა არ შეუძლია. საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე ვრცელდება სამგზავრო შეღავათები. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული სტუდენტური ბარათი, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.” – აცხადებენ TDI-ში.

TDI-ის დასკვნით, საქართველოს ბანკის მოთხოვნა, სადაც ანგარიშის გახსნისას სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული ქვეყნების კომერციული ბანკებიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული სავარაუდო დისკირიმინაციულ მოტივთან და ნიგერიის მოქალაქეების ეროვნულ/მოქალაქეობრივ კუთვნილებასთან. “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” დაუშვებლად მიიჩნევს ერთი პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება შეერაცხოს ყველა იმ პირს, რომელიც წარმოადგენს იგივე ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფს. მიუხედავად ბანკის ვალდებულებისა, რომ შეაფასოს საკუთარ კლიენტთან არსებული რისკები, TDI-ის განცხადებით, პირთა მოქალაქეობრივი, ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია არის გაუმართლებელი და არღვევს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლეთა უფლებებს.

TDI-მ საქართველოს ბანკს წერილობით მიმართა, სადაც უთანასწორო მოპყრობის საფუძვლების განმარტება და შემდგომში, ბანკის მიერ აღნიშნული პრობლემის პრევენციისა და სისტემურად მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.

“2016 წლის 18 მაისის წერილით, საქართველოს ბანკმა TDI-ს აცნობა, რომ ნიგერიის მოქალაქეები მაღალი რისკის კლიენტებად განიხილებიან, რადგან ნიგერიელი ფიზიკური პირების მიერ სტუდენტური ბარათების გამოყენება ხშირად არ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საფასურის გადახდას. ბანკის ცნობით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ნიგერიელი ფიზიკური პირები დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გასაღების ბრალდებით. აქედან გამომდინარე, ანგარიშის გახსნისას ბანკი სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან. ამ დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში კი, უარს ამბობს ანგარიშის გახსნაზე. ბანკის ცნობით, საქმის გარემოების გათვალისწინებით, იგი მუშაობს ახალი ტიპის პროდუქტზე, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს ისარგებლონ სტუდენტური ბარათებით მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში,” – აცხადებენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტუტში.

“მეტრონომი” “საქართველოს ბანკს” დაუკავშირდა. სრულად გთავაზობთ იმ განმარტებას რაც ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკისგან მივიღეთ.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის სტუდენტური ბარათის გაცემისას ვალდებულია დაიცვას „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რაც ნიშნავს, იმას, რომ ბანკი ვალდებულია აწარმოოს ინდეტიფიკაციის და ვინაობის გადამოწმების მონიტორინგის პროცესი. საქართველოს ბანკმა, არარეზიდენტი სტუდენტებისთვის, ტრანსპორტში მგზავრობის მიზნით, შეიმუშავა ახალი პროდუქტი. ყველა არარეზიდენტ სტუდენტს, საშუალება აქვს აიღოს სტუდენტური ბარათი, მხოლოდ ტრანსპორტში სარგებლობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, ემორჩილება ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებულ რეგულაციას”.

 

 

 

იტვირთბა....