საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე პროკურატურაში მივიდა. მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე აღნიშნა, რომ ის აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
ქეთევან ერემაძე ამბობს, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია პირველად არ გაუგია, „ამაზე სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად გვისაუბრია“- განაცხადა ერემაძემ.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არც ერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე. თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა პირველად გავიგე ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. მათ შორის ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა რამდენიმე დღით პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ალბათ ერთის გამოკლებით, ჩვენ დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხებს ვიხილავდით და ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთ მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში,“-განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუ ვისგან, ვის მიმართ იყო ზეწოლა და რამდენ მოსამართლეს შეეხებო ის.
„ვერ ვისაუბრებ იმ მოსამართლის სახელით, ვისაც ეს უკავშირდება. პროკურატურას მივაწვდი იმ ინფორმაციას, რასაც ვფლობ, მათ შორის კონკრეტულ სახელს და გვარს. დანარჩენ დეტალებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ერემაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მისი ამ განცხადებით პროკურატურა დაინტერესდა და პაპუაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში არ მისულა. მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც დაიბარეს, ისინი გუშინ და დღეს ეტაპობრივად ცხადდებიან პროკურატურაში დაკითხვაზე.

