ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრემიერმა შსს-ს მინისტრს პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზე ძიების დაწყება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზე მისი ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, შსს-ს მინისტრს დაავალა ამ ფაქტის გამოძიება:

”მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ გამოვრიცხავ პოლიტიკურ კომპონენტს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტის  მიერ გაჟღერებულ წინადადებაზე, პრემიერთან შეხვედრის თაობაზე, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა მარგველაშვილს შეხვდეს:

„რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტმა დღეს ბრიფინგზე მისი ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკასა და შესაბამისად, სამართლებრივ ზეწოლაზე ისაუბრა.

იტვირთბა....