„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროს, ზურაბ აზნაურაშვილთან
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. უწყებაში პარტიის აჭარის სიის პირველი ნომერი მის წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს პროექტი განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მოვიზიდავთ თანხებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. ვპირდები აჭარის მოსახლეობას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს.” – განაცხადა ვარშალომიძემ.
ვარშალომიძის სამსახურში დაბარება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიმართვას უკავშირდება. საქმე ეხება ხელშეკრულებებს, რომელსაც ვარშალომიძე აფორმებს აჭარის მოსახლეობასთან და რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშენდება სოციალური სახლები, სადაც ბინებს მიიღებენ ის პირები, ვისათანაც ვარშალომიძეს დადებული ექნება კონტრაქტი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიციის დაპირებაში ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა დაინახა და აუდიტის სამსახურს საქმის მოკვლევის თხოვნით მიმართა.
“ნაციონალური მოძრაობა” აუდიტის სამსახურს პრემიერის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ირწმუნებიან, რომ გიორგი კვირიკაშვილი დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება, რაც მათი მტკიცებით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.
ვარშალომიძის დაბარების საფუძვლიანობაზე, შესაძლო სანქციებსა და წინასაარჩევნოდ დარღვევების მონიტორინგზე “მეტრონომი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ზურაბ აზნაურაშვილის ესაუბრა.
„მეტრონომი“: ბატონო ზურაბ რის საფუძველზე მოხდა ლევან ვარშალომიძის დაბარება?
ზურაბ აზნაურაშვილი: ვარშალომიძის დაბარება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 18 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ ამ საკითხზე მოკვლევა დავიწყეთ და ვთხოვეთ ბატონ ვარშალომიძეს გამოცხადებულიყო სამსახურში და წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები. ჩვენი კითხვები ამ პროგრამის განხორციელების მიზნებს შეეხებოდა. ამ საკითხზე ვაგრძელებთ მოკვლევას, დამატებითი ინფორმაცია უნდა შევისწავლოთ. ასევე სხვა პირებიც უნდა გამოვკითხოთ. ამ ეტაპების გავლის შემდეგ უკვე გვექნება სურათი, შესაძლებლობა შეფასდეს, არის თუ არა ეს კანონდარღვევა.
– პროცედურაზე მინდა გკითხოთ… თქვენ დოკუმენტაცია ახსენეთ, რამდენ ხანში მოხდება ვარშალომიძის საკითხის შესწავლა?
– დოკუმენტაციის შესწავლას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება, მაგრამ რადგანაც დამატებითი პირები არიან გამოსაკითხი ამის გამო პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
– “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ მსგავს დაპირებებს პრემიერიც გასცემს. რატომ არ ხდება თქვენი სამსახურის მიერ ამ საკითხით დაინტერესება და პრემიერის, ან სახელისუფლებო გუნდის დაბარება?
– ჩვენ ყველა განცხადებას ვსწავლობთ. აქ ხდება კანონით მანიპულირება. ნებისმიერ პირს, ის იქნება ოპოზიციაში თუ ხელისფლებაში, აქვს უფლება რომ დაპირება გასცეს. ამ ეტაპზე ვარშალომიძის განცხადებაში და ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, რომ ეს უნდა განხორციელებულიყო საბიუჯეტო ხარჯებით, სწორედ ამან გამოიწვია კითხვები, თორემ პრემიერი, ან სხვა პარტიის წარმომადგენლები როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლებაში როცა მოვალთ დევნილებს დავეხმარებით ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაპირებაა. როდესაც ნათლად არ იკვეთება დაპირების განხორციელების ფორმა ეს იწვევს დამატებით კითხვებს, რომელზეც პასუხების გაცემას ვითხოვთ.
– თუ ვარშალიმიძის შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა სანქციები როგორი იქნება?
– ზოგადად სანქციები დარღვევის ორმაგ ოდენობას ითვალისწინებს, თუმცა აქ დიდ თანხაზეა საუბარი. დაპირება ჯამში 120 მილიონის დახარჯვას გულისხმობდა. ეს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დარღვევა იყოს და უკვე პროკურატურის საქმეა. თუ რაღაც ეტაპზე გამოიკვეთა, რომ პატარა თანხაზეა საუბარი, სანქცირებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
– ბოლო პერიოდში თქვენი მხრიდან გამოკვლევები სხვადასხვა ორგანიზაციების მომართვის შემდგომ ხდებოდა. თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, როცა თქვენი ინიციატივით პარტიების საქმიანობით დაინტერესებულიყავით. რატომ არ ახდენთ ისეთ აქტიურ მონიტორინგს როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ?
– არა… ასე ნამდვილად არ არის! “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მოახერხა ამ დოკუმენტაციის მოძიება, რადგან ჩვენ ადგილზე წარმომადგენლობა არ გვყავს, მაგრამ განცხადებაზე მოკვლევა 18 ივლისს დავიწყეთ და მათი ინფორმაცია 19 ივლისს იქნა წარმოდგენილი. დღესაც გავაკეთეთ განცხადება, რომ 40 ადამიანი გვყავს დაბარებული სხვადასხვა პარტიის შემოწირულებობთან დაკავშირებით. ამასთანავე, იმ პირების მხრიდან თუ არ ხდება განცხადება, რომ აუდიტის სამსახურში დაგვიბარესო, ჩვენ ამას არ ვასაჯაროებთ, რადგან არ გვინდა მათი იდენტიფიცირება წინასწარ მოხდეს.
მარიამ ვარადაშვილი