„პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არ მგონია, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, არათუ პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კონახიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მისთვის გაუგებარია თუ რა ზეწოლაზე და ფაქტებზე საუბროს პრეზიდენტი.
„პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არ მგონია, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, არათუ პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს. ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება. ძალიან არასერიოზული იყო მისი განცხადებები და საკითხებისადმი მიდგომა მისი გაუგებარი ღიმილით. ნამდვილად არ ვიცი პრეზიდენტის მხრიდან რას ემსახურება აი ეს ქარიშხლის ატეხვა. მარგველაშვილი ცდილობს რაღაცა როლი მოირგოს. ხელისუფლების მიმართულებით გამუდმებით ბრალდებებს ისვრის და ამის უკან ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავთ. რ ზეწოლაზე საუბრობს, რა ფაქტებზე საუბრობს, – ეს სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.
მის ამ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით მანანა კობახიძის განცხადება არაკორექტულობის ზღვარს მიღმა გაკეთებული შეფასებაა.
„ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ვიღაცა თავის თავს აძლევს უფლებას პრეზიდენტის მიმართ ასეთი განცხადებები გააკეთოს. კობახიძის ნათქვამი არის არაკორექტულობის ზღვარზე გაკეთებული განცხადება. უპასუხისმგებლობა არის ზუსტად ის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მძიმე განცხადებას და ამ დროს სამართალდამცავების მხრიდან წაყრუება ხდება. მიუხედავა იმისა, რომ შინაგანი რწმენით შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ის შეიძლება იტყუება, საქმე მაინც უნდა აღიძრას. შესაბამისად, მანანა კობახიძემ თავის თავში მოიკითხოს უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მისი თქმით, ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზეც იყო.