„ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც საქართველოში 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წელს ხდებოდა,” – ეს განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სენაკში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
”ოთხი წლის წინ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხუთი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად მიიღო, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც საქართველოში 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წელს ხდებოდა. დღეს არავინ არავის ერჩის. ცალკეული ინციდენტების გარდა, რომელიც მაინც გვახასიათებს, ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ მაინც არ უნდა დავუშვათ, მთლიანობაში წინასაარჩევნმო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს. ყველას შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი. შევხედოთ ტელევიზიებს. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ცვლილება მოხდა. დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ. ამას, რა თქმა უნდა, მოთმინებით, ხანდახან გულიტკივილით ვისმენთ, მაგრამ ვეგუებით იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. ჩვენ იმ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, სადაც შეიძლება ადამიანმა ისუნთქო, ისაუბრო, შენი გეგმები განახორციელო და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრო”.- განაცხადა კვირიკაშვილმა.