ახალი ამბები მთავარი სამართალი

ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან თემურ ბასილია ამოიღო

 

ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო, – ინფორმაცია ტელეკომპანია ”იბერიას” თავად თემურ ბასილიამ ვაშინგტონიდან ჩართვისას მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, თემურ ბასილიამ და მისმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ რატომ არ ხდებოდა ბასილიას ამოღება ძებნილთა სიიდან:

”როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა.

რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი, სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო”, – განაცხადა  თემურ ბასილიამ.

შეგახსენებთ, რომ  თემურ ბასილიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა 2008 წლის ზაფხულში ცხრაწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, უფლებამოსილების გადამეტების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებებში კი, გამართლდა.

ბასილია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ეკონომიკური მრჩეველი იყო. კურირებდა სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემუშავებას და მის განხორციელებას, რა დროსაც დიდძალი თანხა დაიხარჯა. 2006 წლიდან თემურ ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

იტვირთბა....