ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი გარემოება მაგდა პაპიძეზე: რატომ არ ჩანს საქმეში ოთახში ნაპოვნი თმის ბღუჯა

 

მცირეწლოვანი შვილის და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიკა ფხალაძის განცხადებით, მკვლელობის ადგილზე, კუთხეში არსებულ სისხლიან ლაქასთან თმის ბღუჯაა, რომელიც სურათებზეცაა აღბეჭდილი. ამის შესახებ ფხალაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. მას პრეტენზიები გამოძიებასთან აქვს:

„სურათს რომ იღებ, რატომ არ იღებ ამ თმას? #10 ობიექტთან, ანუ სისხლთან, გაქვს შერეული გენეტიკური პროფილი ომარის და ვიღაცა კიდევ სხვისი, სადარბაზოსთან მაქვს მხედველობაში. ეს სხვა არ იცი ვინ არის. მოდი, სულ მინიმუმ ეს თმა ამოიღე და შეადარე ამ გენეტიკურ პროფილს. თმიდანაც შეიძლება დნმ-ის დადგენა.

არგუმენტი, რომ რაღაც წინასწარ განზრახული ჰქონოდათ, არ მაქვს. მაშინ სურათსაც არ გადაიღებდნენ და ამ მტკიცებულებას არ გადმომცემდნენ. წინასწარ განზრახულობა რომ ყოფილიყო, თუნდაც იმ ბალახოვან ფრაგმენტებს, რაც ამოიღეს, არ გადმომცემდნენ და ძალიან მარტივად ვერაფერს გავიგებდი, იქ ეს ბალახოვანი ფრაგმენტები იყო, თუ არა.  ვთვლი, რომ გამოძიების სისუსტეა, მათ არ ჩაატარეს სრულყოფილი კვლევა. შესაძლებელია, კვლევის შედეგად არც არაფერი გამოკვეთილიყო, მაგრამ სულ მინიმუმ დღეს მე, დაცვის მხარეს, არ გამიჩნდებოდა კითხვები.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერ ვხვდები, როდესაც ამბობ, რომ ქმარს ჩაარტყა რაღაც და ბავშვი გაგუდა, კითხვა უნდა გაგიჩნდეს, როდესაც ქმარს უროს ურტყამდა, ბავშვი სად იყო? საუბარია 20 კვადრატ  ოთახზე, სადაც არც სველი წერტილებია, არც პატარა საკუჭნაო არაა, რომ თქვა, რომ იქ შეაგდო და დატოვა დედამ შვილი. ძილი გამორიცხულია, რადგან  საძილე საშუალება არც მამას და არც შვილს მიღებული არ აქვთ, ეს ექსპერტიზამ დაადგინა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 11-12 საათამდე თორნიკე არ იძინებდა. თუნდაც ეძინა ბავშვს და გაეღვიძა, სულ მინიმუმ ხომ უნდა დაეკივლა?! ან ბავშვის თანდასწრებით დედა ასეთ საშინელებას ჩადიოდა და ბავშვი ხმას არ იღებდა?! საერთო საცხოვრებელია, სადაც ხმამამაღალი ნათქვამიც ესმით მეზობლებს. იმის მტკიცება, რომ ერთი ხელით ბავშვს გუდავდა და მეორე ხელით ქმარს უროს ურტყამდა, ზღაპარია“- აღნიშნავს მარიკა ფხალაძე.

მისი თქით, მას ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი მაგდა პაპიძის უდანაშუალობაში.

„ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იქიდან გამომდინარე, რომ სისტემატიური ურთიერთობა მქონდა მაგდა პაპიძესთან და ერთი წამი არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას რამენაირი ფორმით,  თუნდაც მეუღლეზე ირიბად რაღაცა ეთქვას. ჩვენ გვქონდა მომენტებიც, რომ აქცენტები ბავშვზე გადაგვქონდა ხოლმე, რომ ბავშვს რომელი დედა მოკლავდა. ამან გამოიწვია მასში აგრესია,  რატომ გადაგაქვთ აქცენტები ბავშვზეო, ის იყო ჩემი ქმარი, ისევე მტკივა ერთი, როგორც მეორეო.

თუ თქვენ ერთი წუთი მაინც უშვებთო, რომ მე ბავშვი არა, მაგრამ ქმარი შემეძლო მომეკლაო, მაშინ ჩვენ საერთოდ სალაპარაკო არაფერი გვაქვსო. სამწუხაროდ ვერდიქტი არ საბუთდება, არ საჩივრდება“ – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა, რომლებმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

იტვირთბა....