პოლიტიკა საზოგადოება

რომან გოცირიძემ სანაძლეო წააგო და წაგებული ჩააბარა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ამომრჩეველთან სანაძლეო წააგო და სანაცვლოდ ავტოკალამის დათმობა მოუხდა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხს მიმართა დაესახელებინა ერთი საქმე მაინც რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ გააკეთა.

“როგორ წავაგე ვაზისუბანში სანაძლეო!

დღეს ვაზისუბანში მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა. ათასამდე კაცი მოვიდა ღია ცის ქვეშ. როცა ჩემი გამოსვლის ჯერი დადგა, ხალხს მივმართე: ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების მიერ ერთ საქმეს მაინც დამისახელებს, რომელიც ბოლომდე მიიყვანა და რომელიც არ იყო წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულის გაგრძელება, ვჩუქნი ჩემს საკმაოდ კარგ მობილურ ტელეფონს მეთქი. შეჩოჩქოლდა ხალხი, მოინდომეს ჩემი ქონების დასაკუთრება. ვხედავ, არაფერი გამოსდით. ამ დროს მოვიდა სცენასთან ერთი სიმპატიური ქალბატონი და განაცხადა: მომეცით ჩემი კუთვნილი ტელეფონიო. რატომ მეთქი? არისო ერთი ასეთი ობიექტი: დიღომში

თაფლის სავაჭრო ჯიხურიო

ჩავვარდი საგონებელში. არ მეგონა, ჯიხურამდე თუ დაეცემოდა ეს მთავრობა.

ასეთი გამოსავალი ვიპოვნე-ამოვიღე ჯიბიდან და გადავეცი საჩუქრად საკმაოდ კარგი ავტოკალამი. ოვაციებიც დავიმსახურე.

ობიექტური პრიზი გამოვიდა. ვერ ქაჩავდა ჯიხური მობილურამდე:)

ცოტა ხანში მიკროფონთან გამოვიდა დავით ბაქრაძე და მკაცრი ტონით თქვა: დაუბრუნეთ რომანს ავტოკალამიო. თურმე ის ჯიხური მალევე დახურულა:)

ვისაც ჩემი ჯენტლმენობის შესახებ სმენია, მიმიხვდება, რომ კალამი არ გამოვართვი…იმ პირობით, რომ ამ კალმით ხუთიანს შემოხაზავდა”. – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....