“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ რეგიონებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა. ასევე, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც.
“რეგიონებში ჩატარებულმა აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო (2014 წლის) არჩევნების შემდეგ:
მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა;
შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა – 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე. შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა;
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა ყველაზე დიდი რაოდენობით (29 ერთეულით) დაფუძნდა რაჭა-ლეჩხუმში. იგი ერთადერთი რეგიონია, სადაც მსგავსი პირების რაოდენობა შემცირდა ( შიდა ქართლია – ცალკე ა(ა)იპად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირში გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა;
ყველაზე მეტად ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიაში (984 ერთეულით) გაიზარდა;
ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი სამცხე-ჯახავეთსა (347 ერთეულით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეულით) აღინიშნა;
ზოგიერთ შემთხვევაში, თვითმმართველ ქალაქსა და თემში დაფუძნებული ა(ა)იპისა და საქალაქო სამსახურების ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა (ფოთი, მესტია, ონი, ცაგერი), რაც აბსოლუტურად მიუღებელია და იწვევს მუნიციპალური მწირი რესურსების არაეფექტიან ხარჯვას;
მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში სახელოვნებო და სასპორტო მიმართულების ორგანიზაციები (სპორტულ სახეობათა, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის შემსწავლელი სკოლები) ცალ-ცალკე ა(ა)იპებად არიან დარეგისტრირებულები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მუნიციპალურ საბიუჯეტო დანახარჯებს.
პრობლემური აღმოჩნდა მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი სახით მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვიეს, გამოგზავნილი საჯარო ინფორმაცია კი არასრულყოფილი და არასისტემატიზირებული აღმოჩნდა.”-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.